logo
ENG



ცესკომ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

13 ნოე 202021:56
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/13/1y8y2xuxw74bktq.png

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა. 

როგორც ჟვანიამ განმარტა, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ რომელიმე საჩივარი დაეკმაყოფილებინათ

ცესკოში საჩივრები შეიტანეს შემდეგმა პარტიებმა: ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო, პატრიოტთა ალიანსი, ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის. 

ასევე ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარიც არ დააკმაყოფილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აჯამებდნენ

ამას გარდა, სხდომაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებსაც განიხილავდნენ. სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ. 

სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა. 


close დახურვა